საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
ზოგადი ნაწილი
კარი I
სისხლის სამართლის პროცესის კანონმდებლობა და პრინციპები
თავი I
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა,
მისი ამოცანები და მოქმედების სფერო
მუხლი 1. კოდექსის მიზანი
ეს კოდექსი ადგენს დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს.
მუხლი 2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის გამოყენების წესი, კანონის ანალოგია
1. სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.
2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მდგომარეობა.
3. საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
4. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.